"ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პრეზენტაციას სავარაუდოდ, ივლისში გამართავს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, თუკი ის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნება, თანამდებობის დატოვება არჩევნებამდე 50 დღით ადრე მოუწევს.

კითხვაზე იქნება თუ არა ის პარტიის საარჩევნო სიის ათეულში, კალაძე პასუხობს - "ალბათ, კი".

"50 დღეა თუ არ ვცდები, როდესაც ბოლო ვადაა სიის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის, შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული, მომიწევს თანამდებობის დატოვება",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი სახეებისა და საარჩევნო სიის წარდგენას, მისი თქმით, ეს პროცესი ივლისში წარიმართება. 

"ახალი სახეების ფორმირების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ბევრი ადამიანია, რომელიც უკვე პარტიას შემოუერთდა. ბევრი მათგანი უკვე იხილეთ პოლიტსაბჭოში. ბევრს კიდევ წარმოვადგენთ. მაჟორიტარებიც იქნებიან, ეს ყველაფერი იქნება პიარკამპანიის ნაწილი. ალბათ სიის პრეზენტაცია ივლისში იქნება", - აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში.