ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია.
"საარჩევნო წელია. დიდი ყურადღებაა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ. როდესაც სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს ტელევიზიებთან მიმართებაში და ისეთ ტელევიზიასთან, როგორიც "რუსთავი 2"-ია, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაერიოს სასამართლო პროცესში და სასამართლოს ძალდატანებით მიაღებინოს გადაწყვეტილება - ეს გამორიცხულია. ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებს, თუმცა კარგი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით ყოფილიყო მიღებული, რადგან ხელისუფლებს ეს არ აწყობს. ხელისუფლებას, რომ რაიმე ბერკეტი ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული",- განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია.
40 % კი კომპანია პანორამას, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.