არჩევნებამდე

არჩევნებამდე "რუსთავი 2“- ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნებამდე "რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

"აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ანალოგიური დამოკიდებულებაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე "რუსთავი 2“-ის თემა იყო ძალიან მაღალი ინტერესის საგანი. პრეზიდენტი თვლის, რომ ის, რაც ხდება „რუსთავი 2“-ის გარშემო ამძაფრებს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე "რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.

პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა მისი აზრით, ეს პროცესი პირველივე დღიდან იყო პოლიტიზირებული, თუნდაც იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, გაითვალისწინოს პროცესის შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას“, - განაცხადა მიშველაძემ.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია.

40 % კი კომპანია პანორამას, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით,  ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.