ვენეციის კომისია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით შეტანილ ცვლილებებს მიესალმება

ვენეციის კომისია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით შეტანილ ცვლილებებს მიესალმება

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით შეტანილ ცვლილებებს მიესალმება.

ლევან ბოძაშვილი ესწრება ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნას განიხილავენ.

„პლენარულ სხდომაზე განიხილავენ წინასწარ დასკვნას, რომელიც ვენეციის კომისიამ გააკეთა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით და რის საფუძველზეც შემდეგ პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტო. წინასწარ როგორც ვატყობთ, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ პროცესები ასე განვითარდა და მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში ვეტოს მეშვეობით. ხვალ გაიმართება დისკუსია და წინასწარი დასკვნის კენჭისყრა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ამასთან, მას არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან, თუ, თავის მხრივ, მთავრობა არ მოითხოვს დამატებითი ცვლილებების შეტანას ვენეციის კომისიის დასკვნაში, მით უმეტეს, რომ პროცესი საკანონმდებლო დონეზე დასრულებულია და პრეზიდენტის ვეტო - გათვალისწინებული.

ვენეციის კომისიის 107-ე პლენარული სხდომა 10-11 ივნისს იმართება.