პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"

პარლამენტის დრევანდელი პლენარული სხდომა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო, რომელიც სხდომის დღის წესრიგიდან საარჩევნო კოდექსის კანონპროექტის ამოღებას შეეხებოდა.

დავით ბერძენიშვილმა ამის მიზეზად პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოუცხადებლობა დაასახელა. აღნიშნული საკითხის განხილვა მომდევნო პლენარული სხდომისთვის გადაიდო.

დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ინიციატორის, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აქციზით დაბეგვრის სათანადო დებულებების ამოღებას საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან.

პარლამენტმა განიხილა და მიიღო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება მუნიციპალიტეტების ვალდებულება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების ყოველწლიური ზრდის საფუძველზე მიღებული გაზრდილი ფინანსური სახსრები მიმართონ მხოლოდ არაფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებულ გადასახდელების დაფინანსებაზე, გარდა ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვისთვის და ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებისა.

დილის სხდომაზე დეპუტატებმა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს, რომლის თანახმად, კანონის პროექტით სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა იკრძალება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.

დეპუტატებმა განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, როემლიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის შესაბამისად, დადგინდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობის ზედა ზღვარი, კერძოდ ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. ამასთან, პროექტის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრამდე ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას ახორციელებს ზემოხსენებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინების გარეშე.

სხდომის წამყვანის მანანა კობახიძის განცხადებით, იურიდიულად შეუძლებელია კანონი ძალაში დღევანდელ დღეს შევიდეს, ამიტომ მან შესთავაზა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომ კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.