მეუფე ზოსიმე - ის დოკუმენტები, რომელსაც მსოფლიო კრება მიიღებს, თუ მისაღები იქნება, მივიღებთ

მეუფე ზოსიმე - ის დოკუმენტები, რომელსაც მსოფლიო კრება მიიღებს, თუ მისაღები იქნება, მივიღებთ

მსოფლიო კრების შედეგები აჩვენებს, რამდენად კანონიკური იქნება, რასაც ისინი მიიღებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მიტროპოლიტ ზოსიმეს თქმით, საქართველოს ეკლესიისთვის ბევრი საჭირბოროტო საკითხი ვერ იქნა გადაწყვეტილი, რის გამოც წმინდა სინოდმა თავი შეიკავა წასვლისგან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიპტიხის საკითხი. საქართველოს ეკლესიას ბერძნული დიპტიხის მიხედვით თავისი ადგილი არ უკავია. ამას კრებამ გვერდი აუარა. მნიშვნელოვანი იყო საეკლესიო კალენდრის საკითხი, ამასაც აუარეს გვერდი. ქორწინების საკითხი, საქართველოს ეკლესიამ აქტიურად დასვა და კრებამ ამასაც გვერდი აუარა. ჩავთვალეთ სწორად, რომ თავი შევიკავოთ წასვლისაგან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ. 

მისივე თქმით, თუ კრეტაზე გასამართ მსოფლიო კრებაზე სხვა ეკლესიებიც არ წავლენ, კრება მაინც ჩატარდება. მეუფეს თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც კრება მიიღებს, კანონიკურობის შემთხვევაში მისაღები იქნება ჩვენთვისაც. 

„თუ ის დოკუმენტები, რომელსაც კრება მიიღებს იქნება მისაღები, ჩვენ მათ მივიღებთ. კრების შედეგები აჩვენებს რამდენად კანონიკური იქნება რასაც ისინი მიიღებენ. გადავხედავთ, შემდეგ თუ გაითავისებს მსოფლიო ეკლესია, ის იქნება კანონიერი. თუ ვერ გაითავისა მრევლმა, ის შესასრულებლად სავალდებულო აღარ იქნება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ. 

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. 

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.