საფრანგეთი დამატებით გარანტიებს ითხოვს - საფრანგეთის მთავრობის პოზიცია ვიზალიბერალიზაციაზე

საფრანგეთი დამატებით გარანტიებს ითხოვს - საფრანგეთის მთავრობის პოზიცია ვიზალიბერალიზაციაზე

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე პარიზის პოზიციას ექსკლუზიურად "პირWელთან" აფიქსირებს.

"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციისკენ სწრაფვას თავისი მოქალაქეების სასარგებლოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.

თუმცა, იმ დროს როცა ევროკავშირი ზაფხულის შემდეგ უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თავისუფალი გადაადგილების სივრცის, რასაც შენგენის ზონა წარმოადგენს, გაძლიერება და დაცვა ევროპის საზოგადოებრივი აზრის პრიორიტეტად იქცა.

ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მოვითხოვეთ დაცვითი მექანიზმის წინასწარ გაძლიერება, რათა დამატებითი გარანტიები შევუქმნათ შენგენის სივრცის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში.

საქმე ეხება წინასწარ განჭვრეტას იმ შედეგებისა, რაც შესაძლოა, მოჰყვეს სავიზო რეჟიმის გაუქმება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რამდენიმე ქვეყნის [საქართველო, უკრაინა, თურქეთი, კოსოვო] 125 მილიონი მოქალაქისთვის.

ზაფხულში, ევროპარლამენტი კენჭს უყრის საკანონმდებლო წინადადებას გაძლიერებული გარანტიების შესახებ და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო ლიბერალიზაციის განხილვა ევროკავშირის საბჭოს მიერ კეთილგანწყობილ კონტექსტში იქნება შესაძლებელი.

საფრანგეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებების ობიექტური პრობლემა არსებობს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან ეფექტური სამართლებრივი თანამშრომლობის საგანია", - განუცხადა "პირWელს" ფრანგმა დიპლომატმა.