პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვანო კიღირაძემ არ გაითვალისწინა ბიუროს სხდომის წამყვანის მანანა კობახიძისა და დეპუტატ ეკა ბესელიას თხოვნა, ”მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის გადადების შესახებ.
საკითხი პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში მეორე მოსმენით არის წარდგენილი.
როგორც ბიუროს სხდომაზე მანანა კობახიძემ განაცხადა, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ”ორი დღეა კონტაქტზე არიან”, რათა მოხდეს პროექტის განხილვის შეჩერება, ვიდრე კონსულტაციები არ დასრულდება. იგივე აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელმაც ინიციატორს, ვანო კიღურაძეს მიმართა, რომ სასესიო განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდოს, მანამდე კი, აკადემიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს.
თავად კიღურაძის შეფასებით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და აკადემიის რამდენიმე წარმომადგენელს არა პროექტის განხილვის გადადება, არამედ მისი მიღების პროცესის ჩაშლა სურს.
”რამდენიმე კაცს, აკადემიის პრეზიდენტის თავკაცობით უნდა, რომ კანონპროექტის განხილვა საერთოდ ჩაიშალოს. პირველი მოსმენისას ჩვენ პრინციპებზე შევთანხმით. განხილვას აკადემიიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა. იყო 11 კაცზე მეტი - როგორც მომხრე, ასევე ისინი, ვინც პროექტს არ ეთანხმებიან. ძალიან დეტალური განხილვა გაიმართა. გასული კვირის რიგგარეშე სხდომაზე საკითხი არ გავიტანეთ, სწორედ მათი თხოვნის გამო. ახლა ერთი სასესიო კვირა დარჩა - თუ ამ კვირას არ განვიხილავთ მაშინ არის საშიშროება იმისა, რომ კანონპროექტი საერთოდ ვეღარ განვიხილოთ. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ პროექტი ამ კვირის სესიაზე კენჭსაყრელად დადგებოდა”, - განაცხადა კიღურაძემ.
მისივე განმარტებით, კონცენტრირება კანონპროექტის იმ ნაწილზე ხდება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის პოსტზე ასაკობრივი ცენზის დაწესებას ითვალისწინებს. კიღურაძის თქმით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ასაკობრივი ცენზი ისედაც დაწესებულია - უნივერსიტეტის რექტორი ვერ გახდება ადამიანი თუ ის 65 წელს აღემატება, ხოლო ინსტიტუტის დირექტორი ვერ გახდება პირი თუ მისი ასაკი 65 წელს აღემატება. კიღურაძის განცხადებით, სწორედ ასეთივე წესი შემოდის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ოღონდ ასაკობრივი ცენზი ხუთი წლით არის აწეული.
”მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერების მომავალი ორი კაცის თანამდებობას არ უნდა შეეწიროს”, - აღნიშნა კიღურაძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მხარი დაუჭირა ”რესპუბლიკელმა” დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა, რომლის თქმით, მედია-საშუალებებში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მხრიდან ტყუილის შეგნებულ ტირაჟირებას ჰქონდა ადგილი.
”მან განაცხადა, რომ ვანო კიღურაძეს პარლამენტში უფლებამოსილება ეწურება და აკადემიის პრეზიდენტობას უპირებენ. ვანო კიღურაძეს შემოაქვს კანონპროექტი, რომელიც ასაკობრივად მასაც ზღუდავს. ინიციატივა არის სწორი და ის უნდა დარჩეს დღის წესრიგში”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.