რუსეთს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაბლოკვის საშუალება არა აქვს, ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყანას არ მართავს, - ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპულ გამოცემა „ობსერვერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “დაველოდოთ, გააცნობიეროს რუსეთმა, რომ უნდა გავხდეთ ნატო-ს წევრი“ სკანდალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა.
„მისი კომენტარი აღქმული იყო იმ კონტექსტში, რომ მოსკოვს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვეტო დაადოს“, - წერს „ობსერვერი“ და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ვერსია უარყო.
„რუსეთს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადება არ შეუძლია“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი გამოცემასთან საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, ნახევარი ევრაზიული კონტინენტის დესტაბილიზაცია მოახდინოს.