პოლონეთი ოფიციალურ განმარტებას ელოდება, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა-2016“-ში მონაწილეობა

პოლონეთი ოფიციალურ განმარტებას ელოდება, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა-2016“-ში მონაწილეობა

პოლონეთი საქართველოსგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ელოდება, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში მიმდინარე სწავლებაში „ანაკონდა-2016“. 
როგორც პოლონური მედია იტყობინება, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა პეტრ ვალატეკმა განაცხადა. 

„ქართველები მოწვეული იყვნენ სწავლებაში, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვალატეკმა. 

გუშინ „რადიო თავისუფლების“ რუსულმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს შტაბბინაში ბრიუსელიდან სთხოვეს საქართველოს, სწავლებაში ფართო მონაწილეობა არ მიეღო, იმისთვის რომ რუსეთი ვარშავის სამიტამდე ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, რადგან სამიტზე საქართველომ შესაძლოა ნატო-ს ასოციირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს.
აღნიშნული არაოფიციალური ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ ქართულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით გაავრცელა. 
თუმცა, როგორც „პოლონეთის რადიო“ წერს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბართლომე მისიევიჩმა უარყო, რომ ნატო-ში ქართველებს სწავლებაში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა, ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.