ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ თავმჯდომარე საუატ მუმბაევსა და „ყაზტრანსოილის“ გენერალურ დირექტორ ნურტაზ შმანოვთან შეხვედრა გამართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყაზახური კორპორაციების საინვესტიციო აქტივებს საქართველოში, მათ სამომავლო გეგმებსა და განვითარების მიმართულებებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიცია, დღეის მდგომარეობით, 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მისი თქმით, დღეს ყაზახურ მხარეს საქართველოში დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საინვესტიციო შესაძლებლობები გაცილებით დიდია. მხარეებმა ისაუბრეს ყაზახური კორპორაციის პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესებზე საქართველოში, მათ შორის, ბათუმის პორტსა და ტერმინალზე, აგრეთვე სასტუმრო „რიქსოსზე“ ლიკანში და მათ ხედვებზე აღნიშნული კომპანიების განვითარების მიმართულებით.