დავით უსუფაშვილი - ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო

დავით უსუფაშვილი - ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო

ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 10 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და მოლოდინების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. უსუფაშვილის შეფასებით, ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა, არა გადამწყვეტი.

„ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. მეტიც, ხვალინდელი დღიდან ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველით, რადგან შეთანხმება უფრო მიდის იქით, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომ ჯერ ეს გაკეთდეს და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებები გაფორმდეს. ასე რომ, ხვალინდელი შეხვედრა არის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ არა გადამწყვეტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

დავით უსუფაშვილის თქმით, გერმანიაში გამართულ შეხვედრებზეც დარწმუნდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მალე გადაწყდება. მისივე თქმით, ქართველი კრიმინალების საკითხი ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირდება.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გვაქვს საქმე პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან, ე.ი მალე გადაწყდება საკითხები. მეორე- ძალიან გაპიარებული თემაა ქართველი კრიმინალების შესახებ, ეს არის სრულიად ცალკე და იზოლირებულად განსახილველი თემა და ეს საკითხი არ და ვერ იქნება გადაბმული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან და მესამე - ძალიან მალე საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩამოვა გერმანიაში, იქნება სხვა კონტაქტები და ალბათ უფრო კონკრეტული თარიღები თუ გადაწყვეტილების ფორმატი შემდეგ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.