პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს იმ წამების დანაშაულის ადეკვატური სასჯელი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი.
”რთული წარმოსადგენია, რომელი დადგენილებით ან რომელი ანგარიშით შეიძლება დავაბრუნოთ ციხეებში მოკლული 600-ზე მეტი პატიმრის სიცოცხლე, როგორ შეიძლება დავაბრუნოთ პოლიციელებისგან, სპეცრაზმელებისგან ქუჩაში ჩაცხრილული ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე. საერთაშორისო სტანდარტია, რომ წამების დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ კანონმდებლობაში მაინც არ მოიძებნება ადეკვატური სასჯელი - არ არსებობს ადეკვატური სასჯელი იმ ადამინებისთვის, ვინც ჩაიდინა მოხრჩობა დაკიდებით, ვინც ჩაიდინა ძელზე ჩამოკიდება, ვინც ჩაიდინა ადამიანების ცივ წყალში გაჩერება, ვინც ჩაიდინა სხვადასხვა საგნებით გაუპატიურება, ვინც ადამიანებს გამაოგნებელი ხმაურის მოსმენას აიძულებდა, რადგან ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალება იყო”, - განაცხადა მანანა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კობახიძემ ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, მისი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებები, არ იყო ადეკვატური. ”ეს ადამიანი ახლა იმ პარტიის პირველ ათეულშია, რომელიც დღეს კიდევ ბედავს და ამამრჩეველს ხმას სთხოვს. ეს ადამიანები ამ დარბაზში აღარ უნდა დაბრუნდნენ”, - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო. ბესელიამ კოლეგებს კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიშიც წარუდგინა.