ახსოვდეს ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს ჩემი მიყვანილი უამრავი ადამიანი და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონ ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში, - ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეკა ბესელიას საპასუხოდ, რომელმაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ეკა ბესელია ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან. ”საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში რთავს ეკა ბესელია, როემლიც კანონებს იღებს მის წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს. ის ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს მოსამართლე ტურავასთან. ეს პრაქტიკულად არც უარყო ბატონმა ტურავამ, რომელსაც არ შეიძლება საერთოდ კომუნიკაცია ჰქონდეს ბესელიასთან. ახსოვდეს ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში. ქალბატონმა ბესელიამ საქმეების პოლიტიზირებაში დაადანაშაულოს საკუთარი თავი, ვიდრე მას დაადანაშაულებს სხვა კომპეტენტური ორგანო მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლება და მაშინ, როდესაც ბატონი ტურავა იმდენს მოყვება ამის შესახებ, რომ პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან. მე რომ მოვედი ხელისუფლებაში, მაშინაც პასტით დაჯდა ბატონი ტურავა და იმდენი წერა, ძლივს გამოვგლიჯეთ ეს პასტა”, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი აქვს.
”ეს არის ერთადერთი დემოკრატიის დამცავი ინსტიტუცია ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი, ვისი იმედიც უნდა მქონდეს, არის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან ეს არის დემოკრატიის კუნძული ამ ქვეყანაში”, - განაცხადა გვარამიამ.