გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს თომას ჰამერბერგი შეისწავლის

გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს თომას ჰამერბერგი შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა.

ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს.

ამ მიზნით, თომას ჰამარბერგი საქართველოს მეორედ ეწვია.

იგი ხვალ, აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე, შეისწავლოს 19 მაისს ხურჩაში გოგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები.

საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

თომას ჰამარბერგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის, აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში ასევე იქნება რეკომენდაციები.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.