აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების ინტენსივობა გაზარდოს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვაპირებთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას, მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, მაგრამ აქვს გეგმა, გაზარდოს სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების ინტენსივობა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და დღემდე განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლას, ასევე ახდენს საქართველოზე ზეწოლას.
მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განცხადება რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, საქართველოზე რუსეთის ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია.
“2008 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მდგრადობის გაძლიერება და რუსეთის წინაშე საქართველოს დაუცველობის შემცირება. დაახლოებით ორი კვირის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, სადაც ვესწრებოდი სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოსთან ერთად ჩავატარეთ. ჩვენ მათ ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
მაიკლ კარპენტერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში.