აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საქართველო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ამერიკელმა სენატორებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ ობამას ადმინისტრაცია საკმარისად არ მუშაობს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ბრძოლაში.

სენატორ ბენ კარდინის მოსაზრებით, რუსეთის ქმედებები, მათ შორის 2008 წლის ომი და მოსკოვის მიერ ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, საფრთხეს უქმნის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.

„დღეს ჩვენ შევხვდით, რათა ვიმსჯელოთ რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს, საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, შეჭრა უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსია, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული ძალების დახმარება ეჭვქვეშ აყენებს სუვერენული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, რომელიც ევროპის ქვაკუთხედია 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.

მისი მოსაზრებით, პუტინის რეჟიმი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, როგორც რუსეთის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები რუსეთის რეჟიმთან, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი პრინციპები, ან თვალი დავხუჭოთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელიც პუტინის მიერაა ჩადენილი“, - განაცხადა სენატორმა.