ვიშეგრადის ოთხეულის პოლიტიკურმა დირექტორებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირეს

ვიშეგრადის ოთხეულის პოლიტიკურმა დირექტორებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირეს

პრაღაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაალ გოგსაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით სოლომონია და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე ფარულავა. ვიშეგრადის ოთხეულს წარმოადგენდნენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებული ვითარება.

ვიშეგრადის ოთხეულის პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალში კვლავაც გააგრძელებენ ამ საკითხებზე პოზიციების კოორდინაციასა და საქართველოს ქმედით დახმარებას.