”ნაციონალების” ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

”ნაციონალების” ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ჩემი ინფორმაციით, კახეთის მედროვე და უქნარა გუბერნატორი თანამდებობიდან გააპანღურეს და ვითომ გადადგომის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებინებენ”, - წერს შაქრო ტერტერაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტერტერაშვილმა ცოტა ხნის წინ დამატებითი კომენტარი მედიასთანაც გააკეთა.

"ორი დღის წინ დაიბარეს თბილისში და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს, რის შესახებაც განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ჩემი ინფორმაციით, მას მისთვის სასურველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრაზეც უარი უთხრეს", - აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თავად ირაკლი შიოლაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შიოლაშვილი ადგილზეა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

"გუბერნატორი საკუთარ სამუშაო ოთახშია და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ გვაქვს," - განუცხადა ”ინტერპრესსნიუსს” გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა მადონა ბატიაშვილმა.