C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობა დამატებითი კრიტერიუმების გარეშე იქნება შესაძლებელი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობა დამატებითი კრიტერიუმების გარეშე იქნება შესაძლებელი

10 ივნისიდან, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმების გარეშე შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ აქამდე არსებული კრიტერიუმები იხსნება და stopC -ბაზაში რეგისტრირებული ყველა პაციენტი, მიუხედავად დაავადების სირთულისა, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს.

ამისათვის პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის სერვისცენტრს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა დაახლოებით, სამი თვის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთში დამატებითი სერვისცენტრი გაიხსნება. 10 ივნისიდან კი, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სერვისცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.

მისივე თქმით, დაავადების ხარისხის კრიტერიუმების არსებობის პერიოდში, თვეში, დაახლოებით, 1000 პაციენტის მკურნალობა ხდებოდა, ახლა კი, ეს რიცხვი 3000-მდე გაიზრდება.

ამასთანავე, მცირდება ვადებიც, რეგისტრაციის ბაზიდან, რიგითობის დაცვით განაცხადების განხილვა ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

"თუ, აქამდე გვქონდა წინასწარი მოლაპარაკებით, წელიწადში მხოლოდ 20000 პაციენტის მკურნალობისთვის საკმარისი მედიკამენტი, ახლა, ეს რიცხვი წელიწადში 30000-მდე გაიზარდა. ეს არ არის ზედა ზღვარი. მიხარია, რომ ჩვენ შეგვეძლება ამ სიახლის შეთავაზება პაციენტებისათვის. სამწუხაროდ, საქართველოში, წელიწადში, 150 000 ადამიანი საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტებმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მიიღონ ხარისხიანი მკურნალიბა"- განაცხადა სერგეენკომ.