გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, 6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ - დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.
გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება. 

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.