საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2 ივნისს, ვენაში, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა ეუთო-ს ავტონომიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობას.
სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა 19 მაისის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე დაფიქსირდა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.