მიხეილ ჯანელიძე - მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღონ

მიხეილ ჯანელიძე - მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღონ

მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


მისივე განმარტებით, ქართული მხარე პროცესის წარმატებით დასრულებას ელის.

”ჩვენ ვაკვირდებით პროცესის მიმდინარეობას. სამწუხაროა, რომ ინდივიდუალურად არ ხდება მსჯელობა, რასაც ჩვენ ვამჩნევთ, მაშინ როცა საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. ველით, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების მიხედვით და ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა დღეს განიცდის მნიშვნელოვან და მძიმე დატვირთვას მიგრაციის საკითხებიდან გამომდინარე, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოსთან და მის ვიზალიბერალიზაციის პროცესთან ამის დაკავშირება არ არის რელევანტური, რადგან საქართველომ ყველა მიმართულებით შეასრულა თავისი ვალდებულება”, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით სანდო პარტნიორი იქნება.

”ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიდასავლური ძალები ცდილობენ, რომ ევროპაში პრობლემები შეიქმნას ყველა მიმართულებით, თუმცა იმედია ამას საქართველოზე გავლენა არ ექნება.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოვუწოდებთ მათ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნას მიღებული დროულად და წარმატებით დასრულდეს ეს პროცესი. საქართველო მთავრობა ყველა ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს არის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მოახდენს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენას ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება, მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს ორი სხვადასხვა საკითხია და მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

”საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები ამ შემთხვევაში არანაირად არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვასთან. საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, რომელიც არის საჩვენებელი ჩვენს რეგიონში - საქართველო არის სამაგალითო, როგორც დემოკრატიის განვითარების, ისე მედიათავისუფლების კუთხით, თუ სხვა ინდიკატორით. საქართველოთან მიმართებაში კითხვები ამ ეტაპზე არ არსებობს. დისკუსია მიმდინარეობს, ზოგადად ევროპაში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე”, - განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე იმსჯელა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საკითხზე გერმანიისა და საფრანგეთის უარყოფითი პოზიციის გამო ვერ შეთანხმდნენ. ანონიმურმა დიპლომატმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას არ აპირებს, არამედ უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული კრიზისის გამო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება.