ჩემი გავლენა მხოლოდ ხალხის ნდობაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ - აქვს თუ არა მას დღევანდელ ხელისუფლებაზე გარკვეული გავლენები- განაცხადა, რომ არც მოქმედი და არც ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებდნენ და თუ რაიმე ტიპის კონტაქტი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან ეს მხოლოდ მოქმედი პრემიერის ინიციატივით ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია.
„ჩემი გავლენაა მხოლოდ ხალხის ნდობა. არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია მე, რომ მმართველ გუნდზე რამე დამატებითი გავლენა მოვახდინო. მე არ მყავს ჩემი პოლიცია, ჩემი ჯარი, მე ჩემი პიროვნების მეტი არაფერი გამაჩნია. ხალხის ნდობა მხოლოდ. ყოფილი პრემიერ მინისტრი ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა . დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, მენეჯმენტით. ნურავის ნუ ექნება იმის ეჭვი, რომ მე ვურეკავ კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ. ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას და ასევე, მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს. არ ხდება ისე, რასაც გვიხატავენ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. არ ხდება ისე, როგორც საუბრობს ”რუსთავი 2”. ის, რომ მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში რაიმე დანაშაული არ არის. ან შეიძლება რაღაც საკითხებზე შეხვედრაც მთხოვოს და ჩემი აზრი მოისმინოს ამაში სახიფათო არაფერი არ არის. გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი გარწმუნებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.