ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საყდრისის თემა პრობლემური არ არის და ის, რაც ამ საკითხის გარშემო მოხდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელოვნურად შექმნა.
აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "ინტერView"-ში გააკეთა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ იყო გამოტოვებული ყოფილი პრემიერის ბოლო წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული საკითხი.
"თქვენი აზრით, საყდრისი უნდა მეხსენებინა? ეს წერილის შინაარს შეესაბამებოდა? საყდრისი სულაც არ იყო პრობლემური, ეს იყო "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის მიერ შექმნილი ხელოვნურად. კარგი რაც ჰქონდა ამ ადგილს, რასაც ჰქონდა სიძველესთან კავშირი, ყველაფერი ამოღებულია. ყველა არტეფაქტი ამოღებულია, ყველა ფოტო გადაღებულია, რაც იყო ფასეული. მუზეუმის დაფინანსება მიდის, ამაში კულტურის სამინისტროცაა ჩართული. თვითონ კარიერის ინვესტორებმა გამოყვეს ფინანსები, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.