ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილმა ზუსტად იცის, რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“, ამ გუნდის დახმარებით გახდა პრეზიდენტი

ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილმა ზუსტად იცის, რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“, ამ გუნდის დახმარებით გახდა პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად იცის, რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“ და რა გუნდი ხელმძღვანელობს მას, ამ გუნდის დახმარებით გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მმართველ გუნდში ”მოძველბიჭო” ჯგუფების არსებობას ეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ გუნდის დახმარებით გახდა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და მან ზუსტად იცის ძველი ბიჭები არიან წარმოდგენილები პარტიაში თუ არა. „პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის სამართლიანი და არ არის ობიექტური. პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ ვის აერთიანებს ჩვენი გუნდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი და არ არის კორექტული“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და აქვე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არანაირი ”ძველბიჭური დაჯგუფება.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მთელმა გუნდმა, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობამ, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა.

„ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც მოხდა კორცხელში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ ოქტომბრის არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქმე გვქონდა დაგეგმილ აქტთან“,-განმარტა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან, კახა კალაძესთან, დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერი გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი კახა კალაძეზე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ უშუალოდ კახა კალაძესთან მიმართებაში გააკეთეს. „გახსოვთ თქვენ, რა ხდებოდა 2012 წელს. ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, თავხედობა ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.