თედო ჯაფარიძე - ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეთანხმდა COREPER-ი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე - შეიძლება ვინმე ავად გახდა, ვიღაცამ დააგვიანა

თედო ჯაფარიძე - ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეთანხმდა COREPER-ი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე - შეიძლება ვინმე ავად გახდა, ვიღაცამ დააგვიანა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს უჭირს პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეთანხმდენ ევროკავშირის ელჩები გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესი საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება.

„ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი. ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტად, რის გამო მოხდა ეს - შეიძლება ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გაცივდა, ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცას თავის მოსაზრება ჰქონდა... ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება დადებითი და ჩვენთვის სასიამოვნო“, - განუცხადა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“. 
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე უკვე მიღებულია, თუმცა ზუსტი დროის დასახელება, როდის მოვა სისრულეში, ძნელი სათქმელია.

„ზუსტად სად, რომელ საათზე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება, ეჭვი არ მეპარება“, - დასძინა თედო ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე იმსჯელა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საკითხზე გერმანიისა და საფრანგეთის უარყოფითი პოზიციის გამო ვერ შეთანხმდნენ. ანონიმურმა დიპლომატმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას არ აპირებს, არამედ უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული კრიზისის გამო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება.