სასამართლო სისტემის შეცვლაში მოკავშირედ ვერც ”ქართულ ოცნებას” და ვერც ”ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვხედავ

სასამართლო სისტემის შეცვლაში მოკავშირედ ვერც ”ქართულ ოცნებას” და ვერც ”ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვხედავ

სასამართლოსთან მიმართებაში ”ნაციონალურ მოძრაობის” დროს აგებული სისტემის შეცვლაში მოკავშირედ ვერც ”ქართულ ოცნებას” და ვერც ”ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის” ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს კონსულტაციები გაიმართება და პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს.

”4 თვის წინ უკვე წამოვაყენეთ კანდიდატები. 4 თვე გადის და არც საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბდა და არც ოპოზიცია - მასში ”ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, ”თავისუფალ დემოკრატებთან” კარგი თანამშრომლობა მიმდინარეობს. ვერ ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მისცენ და დაახმარონ მოსამართლეები. ხშირად გვესმის სასამართლოს კრიტიკა, მაგრამ ის, რომ შენ როგორც პარლამენტი ვალდებული ხარ დაეხმარო სასამართლოს და დანიშნო მოსამართლეები, ამასთან დაკავშირებით რატომღაც უცნაური სიჩუმეა. მე მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის სისტემა, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობის” დროს იქნა აგებული სასამართლოსთან მიმართებაში და რომელიც საერთო სასამართლოებს არაფუნქციონირებადად ხდიდა, მის შეცვლაში მოკავშირედ ვერც ”ქართულ ოცნებას” ვხედავ და ვერც ”ნაციონალურ მოძრაობას”. არც ერთი არ გახდა მოკავშირე იმაში, რომ რეალურად შეიცვალოს და უკეთესი და უფრო ძლიერი გახდეს სასამართლო. მე სამწუუხაროდ, აქ მოკავშირეებს ვერ ვხედავ. მე ვხედავ, რომ ეს სისტემა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ააგეს და ამ სისტემას ინარჩუნებენ ”ქართული ოცნების” წევრები. მათ არ აქვთ ის განცდა, რომ რაღაც დროზეა შესაცვლელი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზდენტის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება არა მას, არამედ სასამართლოს სჭირდება.

”ამ მიმართულებით ასეთი უცნაური სიჩუმე, ჩემთვის მიუღებელი და უსიამოვნოა”, - დასძინა მარგველაშვილმა.