გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ, ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის” ტელევიზიის ეთერში ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს უფუნქციოდ აქცევს.
”როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება, შემდეგ, ბუნებრივია. როდესაც კანონი მივიღეთ, მასში ნათლად გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსტიტუციო სასამართლოსაც ვკითხეთ აზრი და ჩავრთეთ ვენეციის კომისიაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ და ამ მსჯელობაში წითელი ხაზები ვენეციის კომისიის პოზიციები იყო. ჩვენ ეს დოკუმენტი დავდეთ და ვთქვით, აი, რა ჩარჩოებს ამბობს ვენეციის კომისია, მოდით, ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ, არამედ ამ ჩარჩოებს შიგნით ვიპოვოთ კონსესუსი. ასეთი კონსესუსი შედგა, პირველ რიგში, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ, ის არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება მუშაობა. ასეთი კონსესუსი შედგა”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ ამ კონსესუსიდან გამომდინარე, შეძლებენ იმას, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლო იყოს, დარჩეს და მან გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა ინსტიტუტმა”.
”ამ ვითარებაში კმაყოფილი ბოლომდე არავინ იქნება. ალბათ, გარკვეული სხვა პოზიცია აქვთ პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს. მაგრამ, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსესუსამდე და ეს კონსესუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებასა და ფარგლებში. ეს არის ჩემი პოზიცია და მე მგონია, რომ ამ პოზიციას გაიზაიარებს როგორც პარლამენტი, ასევე სხვა პოლიტიკოსები და ადამიანები”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.