ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან გაფლანგა სახელმწიფო ქონება.
”რამდენიმე საათის წინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ. საქმე იმაშია, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. შესაბამისად, იგი ითვისებდა ამ თანხებს უკანონოდ”, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ეს ფაქტი ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო მოკვლევა თავის დროზე, თუმცა საქმე პროკურატურაში არ გადაიგზავნა.
”მაშინდელმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ემყარება, მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახლად დანიშნულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი ამას არ დაუჭირეს, რადგან ქალბატონი გუჯაბიძე ასოცირდებოდა ყოველთვის წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. უფრო მეტიც, არათუ პროკურატურაში გადაგზავნაზე იყო უარი, არამედ სადისციპლინო დევნის ნაწილშიც უარი ითქვა და სადისციპლინო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე როგორც სამოსამართლეო ეთიკის დარღვევის ფაქტი. ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი. ამ ბარათით დადასტურებულად ჩაითვალა ის ფაქტები, რომ ქალბატონი გუჯაბიძე როგორც მინიმუმ ცრუობდა, ხოლო სამართლებრივად თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო სახსრებს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე”, - განაცხადა გვარამიამ.
მანვე მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - გაასაჯაროოს ამ საქმის ყველა მასალა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი.
”რუსთავი 2” წინააღმდეგია, რომ მისი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის არის განსაკუთრებით მოწყვლადი პროკურატურის მიმართ. მთელი ეს პროცედურები უნდა გასაჯაროვდეს, ვინ დაუჭირა მხარი პროკურატურაში გადაცემას და ვინ არა. ნათია გუჯაბიძე მინიმუმ არის თაღლითობაში შემჩნეული, მაქსიმუმ წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა და პროკურატურას ის ყავს მიბმული როგორც ურთმელიძე”, - აღნიშნა ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა.