ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კონსტიტუციის უზენაესობა

ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კონსტიტუციის უზენაესობა

ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უფრო მაღლა დადგა პოლიტიკური ინტერესები, ვიდრე კონსტიტუციის უზენაესობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შეფასებისას განუცხადა.

მენაბდე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას და ეს იყო „გარკვეული პოლიტიკური გარიგება და პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება“.

ვახუშტი მენაბდის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ბევრ ნაწილში იმეორებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც მისასალმებელია, თუმცა რჩება სამი ძირითადი პრობლემური საკითხი, მათ შორის, ყველაზე ფუნდამენტური ის, რომ ორგანული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის კვლავ ძალაში რჩება პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით შემოთავაზებული ვერსია.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიამ თითქოს გარკვეული დათქმა გააკეთა. სინამდვილეში ვენეციის კომისიამ ის კი არ თქვა, რომ ორგანული კანონის შემთხვევაში არსებობს ლეგიტიმური არგუმენტები 2/3-იან კვორუმთან დაკავშირებით, არამედ თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გაზრდილ კვორუმთან მიმართებაში ერთადერთი არგუმენტი აქვს ორგანულ კანონებთან დაკავშირებით (სხვებზე საერთოდ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია), მაგრამ ეს არგუმენტი არ არის გასაზიარებელიო. დასკვნის ბოლო პუნქტებში ვენეციის კომისია ორგზის საუბრობს, რომ ყოველგვარი 2/3-იანი კვორუმი უპირობოდ უნდა გაუქმდეს და 6 მოსამართლის საჭიროება არ უნდა იდგეს“, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, მეორე და მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხება, ერთი მხრივ, იმას, რომ ერთ მოსამართლეს აქვს უფლება, გადასცეს პლენუმს საქმე, ხოლო პლენუმის 5 მოსამართლე არის საჭირო იმისთვის, რომ უარყოს ეს შეთავაზება, ხოლო მეორე მხრივ, ნორმის შეჩერების საკითხს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.        თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არ არის.