ჩვენი პოზიციაა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტზე კომენტირებისას განუცხადა.
დეპუტატის მოსაზრებით, არსებობს ერთიანი პოზიცია, რომ უმრავლესობა აღნიშნულ მოდელს მხარს არ უჭერს.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.
„კონსტიტუციასთან შეუსაბამო გახლავთ ის, რომ ”გერმანული მოდელი” ჩვენს კონსტიტუციაში არღვევს წესს, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების წესს. ”გერმანული მოდელი” შესაძლოა კარგია, თუმცა ის შემოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ჩვენი პოზიციაა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხოლო სხვა ტიპის მოდელებზე გადასვლისთვის გვჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მხარდაჭერა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.