პრეზიდენტის შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, გაზიარებას დაექვემდებარება

პრეზიდენტის შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, გაზიარებას დაექვემდებარება

შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, გაზიარებას დაექვემდებარება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჯინიანობის რეჟიმში არ უნდა იყოს.

”შენიშვნები გადმოგზავნილია. პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აწარმოა წინასწარი მოლაპარაკებები პრეზიდენტთან, განაცხადა, რომ არსებით საკითხებზე, რომლებზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, პოზიციები შეჯერებულია. გუშინვე მივესალმე პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციულ პოზიციას. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჯინიანობის რეჟიმში არ უნდა იყოს. გავეცნობით შენიშვნებს და აქედან გამომდინარე, შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, ჩემი აზრით, გაზიარებას დაექვემდებარება, ხოლო შენიშვნები, რომლებიც მიჩნეული იქნება არასწორად, ის გაზიარებული არ იქნება”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.