სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმს სტუმრობს

სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმს სტუმრობს

ბათუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სტუმრობს. პრეზიდენტს და მის დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება. არჩილ ხაბაძე ანდრეი კისკას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლებს, შემდეგ კი სასტუმრო ”ჰილტონში” დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი გაიხსნება, სადაც სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები. 

ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა, გიორგი მარგველაშვილი და არჩილ ხაბაძე მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. დღის ბოლოს პრეზიდენტები ბათუმის ბულვარში გასეირნებას გეგმავენ. 

ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება. 
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად იმყოფება.