გაერო - „ისლამური სახელმწიფო“ ერაყის ქალაქ ფალუჯაში მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს

გაერო - „ისლამური სახელმწიფო“ ერაყის ქალაქ ფალუჯაში მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ერაყის ქალაქ ფალუჯაში მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო აცხადებს. 
ორგანიზაციის ცნობით, მან მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ ისლამისტებმა უამრავი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები ტყვედ აიყვანეს და საკუთარი პოზიციების დასაცავად, ქალაქის ცენტრში გადაიყვანეს.
ამჟამად ქალაქ ფალუჯაში 50 000-მდე სამოქალაქო პირი იმყოფება.

გაერო-ში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ძალზე მძიმეა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო მათი ევაკუირება ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება.
ამჟამად ერაყის არმია ქალაქ ფალუჯას გათავისუფლებისკენ მიმართულ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
„ბიბისი“-ს ცნობით, სამხედროებმა ქალაქის გარეუბნებზე დაამყარეს კონტროლი და ცენტრისკენ მიემართებიან.
ფალუჯას გათავისუფლების ოპერაცია 22 მაისს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებამდე ისლამისტებმა სამოქალაქო პირებს ქალაქის დატოვების უფლება არ მისცეს.

„ისლამური სახელმწიფო“ ფალუჯას 2014 წლიდან აკონტროლებს, ამჟამად ქალაქში 1 200-მდე მებრძოლი იმყოფება.
ფალუჯას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ქალაქის გავლით გადის ავტომაგისტრალი სირიასა და იორდანიაში.