რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, 19 მაისს, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირი უარყო.
რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები - სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს, ევროკავშირის და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ე.წ. საზღვრებთან არსებული სიტუაცია განიხილეს.
"საუბარი შეეხო 14-15 ივნისს, ჟენევაში, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. თანათავმჯდომარეებმა სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. პოზიტიურად შეფასდა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის დიპლომატიური უწყება სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსი "მესაზღვრეების" კავშირს უარყოფს.
"ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე 19 მაისს, საქართველო-აფხაზეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტი განვიხილეთ. რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს ქართული მხარის ბრალდებას, ინციდენტში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.