ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო სამიტის „ელექტროენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობა“ მუშაობაში, რომელიც თბილისის ტექნოპარკში USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ და კომპანია „დელოით ქონსალთინგის“ ორგანიზებით გაიმართა.
სამიტი მიეძღვნა ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.
სამიტის მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
თავის მოხსენებაში ირმა ქავთარაძემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, საქართველოსთვის, რომელიც, ამ ეტაპზე, არ არის ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო, რეგიონალური ურთიერთობების განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამიტს „ელექტროენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობა“ საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ.