ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების დაყაჩაღების გზით მიდის

ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების დაყაჩაღების გზით მიდის

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების დაყაჩაღების გზით მიდის , - ასე გამოეხმაურა ”დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საკომიტეტო მოსმენებს, სადაც მოწონებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხუთის ნაცვლად თერთმეტ პოლიტიკურ ძალას გადაუნაწილდება უფასო სარეკლამო დრო.

„გადაწყვეტილება თუ იქნა მიღებული, რომლის კომიტეტის სხდომაზე განხილვისა და მოწონების მომსწრენიც დღეს გავხდით, ეს ნიშნავს, რომ გვპარავენ იმ დროს, რომელიც ჩვენ მოგვცა ხალხმა და არა „ქართულმა ოცნებამ“.

მინდა აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ის არ გვაკმარა, რომ ”რესპუბლიკელები”, თავისუფალი დემოკრატები”, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაგვასვა თავზე ოთხი წლის განმავლობაში, ახლა ”რესპუბლიკელების” და პირადად ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით განხილულ იქნა კანონპროექტი, რომელიც არის არაკონსტიტუციური, რომელიც არის უბრალოდ პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და ადამიანის უფლებების შემლახველი.

პარტიებს, რომლებმაც გადავლახეთ ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხალხის მხარდაჭერით მივიღეთ უფასო სარეკლამო დრო, რათა საპარლამენტო არჩევნებში ეს დრო გამოგვეყენებინა, უნდა წაგვართვან ეს დრო და გადაუნაწილონ ხმალაძეს, ”რესპუბლიკელებს”, ”თავისუფალ დემოკრატებს” და იმ პარტიებს, რომლებიც ”ოცნებამ” შეიყვანა პარლამენტში.

საქმის კურსში ჩავაყენე დიპლომატიური კორპუსი, იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლების ასე ხმამაღლა აკეთებენ განცხადებებს, ამჯერადაც არ გაჩუმდებიან და გააკეთებენ ადეკვატურ განცხადებებს. იმედია, „ქართული ოცნება“ გონს მოვა და არ გააკეთებს იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აკეთებდა და ვერ ბედავდა.

თუ ამ გადაწყვეტილება მიღებენ, ეს იქნება ყაჩაღობა „ქართული ოცნების“ მხრიდან „დემოკრატიული მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების დასაყაჩაღებლად”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.