”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”კანონში შესულ ცვლილებათა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გასაზიარებლად ან ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 15-დღიანი ვადა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.
პროცედურებთან ერთად ბოძაშვილმა მედიას ის შენიშვნებიც განუმარტა, რომელიც მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის პირველ პირს გააჩნია.
„მთავარი შენიშვნა, რაც პრეზიდენტს აქვს, ეს არის მაღალი კვორუმი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მაღალი კვორუმი ხელს უშლის საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. მეორე შენიშვნაც ასევე ეხება სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას, რომელიც უკავშირდება კონკრეტული მოსამართლის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემას. აქაც მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა გადაჭარბებული კვორუმით. პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტს, ასევე კრიტიკულად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ და შესაბამისად, მოტივირებულ შენიშვნებშიც აისახა. ეს შენიშვნები დღეს გადაეგზავნება პარლამენტს, რომელსაც 15-დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ან გაიზიაროს პრეზიდენტის პოზიცია ან დაძლიოს ვეტო. იმედი მაქვს, რომ შენიშვნები იქნება გაზიარებული, რადგან ეს მიმართულია სასამართლოს ეფექტური მუშაობისკენ“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერისა და პრეზიდენტის მოტივაციაა, სასამართლომ ეფექტურად იფუნქციონიროს და ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პრობლემები არ შეექმნას.
პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.