პრემიერი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე

პრემიერი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე

ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი მის დაძლევაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რითაც ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან.

”ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან. მასში ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და დეპუტატებიც, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. ეს საუბარი წარმატებით დასრულდა. ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, ძალიან კარგი პრეცენდენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცენდენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.