პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს და საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურ ფუნქციონირებას გააგრძელებს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობასთან საუბარი ჰქონდა.

”ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და მუშაობა განვახორციელეთ როგორც ბატონ კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობასთან. ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოხატავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, თუ რას ეხება მისი შენიშვნები.

”ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა. 
ამასთან, ბრიფინგზე პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების შემჭიდროვებულ ვადაში გამოგზავნის გამო მადლობა გადაუხადა.

”საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტები, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენი დამოკიდებულება ამ კანონპროექტებთან მიმართებაში დავაფიქსირეთ როგორც კანონების განხილვის პროცესში, ასევე მის მერე, რაც გადმოგვეგზავნა ხელმოსაწერად. ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, თუ რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საკითხები განვიხილეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ვენეციის კომისიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას, რომელმაც უსწრაფესად, ერთი კვირის ვადაში მოახერხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ნათლად გამოვლინდა, რომ ის რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ვენეციის კომისიისთვის, ის ფორმულირებები, რაც კანონში იყო დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე”, - განაცხადა მარგველაშვილმა.