პარტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია, გარდა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისა, - ასე უპასუხა „თავისუფალი დემოკრატების“ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს გამოქვეყნებული ღია წერილით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
ჩიქოვანის თქმით, ის ჯერჯერობით წერილს არ გაცნობია, ამიტომ მისი კომენტირებისგან თავს შეიკავებს.
„პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. ერთადერთი რესურსი, რომელიც მას აქვს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი რესურსი მხარდაჭერისა. თავად ივანიშვილს კი ეს მხარდაჭერა აქვს იმ დროიდან, ვიდრე ის პოლიტიკაში არ იყო და იყო მეცენატი, ამიტომ ალბათ ზუსტად ამ რესურსს გამოიყენებს „ქართული ოცნება“ გამარჯვების მისაღწევად. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ადეკვატურად მიიღებს იმას, რომ ერთი ადამიანის მიერ წაქეზებული პირთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი იდეოლოგიაც კი არ აქვს გამაერთიანებელი, შეძლებს რაიმე შედეგის მიღწევას ან დანაპირების შესრულებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახლა გასცემს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.