ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას იყო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიანობის რეიტინგში ბევრ ქვეყანას უსწრებს, მოქალაქეები კი ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა.
”დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია. გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.
ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.
2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა.
2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%;
2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი.
2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით)”, - ნათქვამია წერილში.
ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა, საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა; დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.
”მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.
ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო.
მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.
ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები”, - ნათქვამია წერილში.