ღიმილისმომგვრელია, როცა ვახტანგ ხმალაძის და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს არაკვალიფიციური ადამიანები უაპელაციოდ ანტიკონსტიტუციურობას აბრალებენ.
ასე შეაფასა „რესპუბლიკული პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გადაწყვეტილება, რომლებმაც ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს.
ბერძენიშვილის თქმით, ეს ამბავი სერიოზული ნამდვილად არ არის.
„მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და ჩემს თავს არ მივცემდი უფლებას, რომ ასეთი უაპელაციო განცხადებები გამეკეთებინა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, უმრავლესობიდან არის თუ არა, ვინც არ არის კონსტიტუციონალისტი და ღრმად ვერ ერკვევა ამ ტიპის საკითხებში, თუ მე ვიკავებ თავს, მათაც შეიკავონ თავი. რომელთაც ალბათ ცოტა გაეგებათ ან საერთოდ არ გაეგებათ ეს საკითხი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, უმრავლესობას ”გერმანული მოდელის” მიღება პოლიტიკურად არ აწყობს.
„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს არ დაესწრნენ, მაგრამ მთავარია, რომ საკითხი ინიცირებულია და რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე მაინც გავა. სხდომაზე ალბათობა მაღალი არ არის, მითუმეტეს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დაფიქსირებული აქვთ, რომ მხარს უჭერენ ამ კარგ მოდელს, თუ არ იქნებიან სხდომაზე, ან მეჩხრად იქნებიან, 76 ხმა ვერ მოგროვდება. ეს მარტივი და ნათელია. ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტს და საზოგადოებას მთელი პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის და ექსპერტების მიერ მოწონებული ვერსია- კარგი საარჩევნო სისტემისა.გასაგებია, რომ ამ საარჩევნო სისტემით „ქართული ოცნება“ მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ იმდენ მანდატს, რამდენ ნდობასაც გამოუცხადებს საზოგადოება, ხოლო ”გერმანული მოდელის” მიღება სამომავლოდ თავიდან აგვაცილებდა ცოტა ხმებით ბევრი მანდატის მიღების შემთხვევაში პოლიტიკურ კრიზისს და დარბაზიდან ქუჩაში პოლიტიკური ენერგიის გადასვლას“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ამოცანაც სწორედ ეს არის. თორემ თავად პარტიისთვის არსებითად ამ მოდელის მიღებით არაფერი იცვლება, ვინაიდან მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატებს არჩევნების მეორე ტურში გადასვლის დიდი შანსი აქვთ.
ბერძენიშვილის თქმით, პარტია ზრუნავს ქვეყნის მომავალზე და მის პერსპექტივებზე.
პარლამენტის გაერთიანებულმა კომიტეტებმა დღეს ე. წ. გერმანულ მოდელს, რომელიც ვახტანგ ხმალაძის მიერ არის ინიცირებული, მხარი არ დაუჭირეს.