საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მიღება დამოკიდებული იქნება ოპოზიციური ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატების მობილიზაციის ხარისხზე, - ამის შესახებ ”რესპუბლიკელმა” დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, თუკი აღნიშნული მოდელის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, მიზეზი იქნება ის, რაც 25 წელია არსებობს - რომ არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაში მყოფ გუნდს აშკარა უპირატესობას აძლევს.
„ელემენტარული არითმეტიკაა, სკოლის მოსწავლეც კი გაიგებს, რომ ამ მოდელის მიხედვით პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეხვდება მანდატების იმდენი პროცენტი, რამდენი ამომრჩეველიც მისცემს ხმას ანუ თუ პარტიულმა სიამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, მას ერგება 60 მანდატი, თუ მიიღო 10 პროცენტი, ერგება 15 მანდატი. შეიძლება იყოს უმნიშვნელო გადახრა ერთ ან ორ მანდატში დათვლისას. განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც დღეს გვაქვს ანუ რომელიც 26 წელია საქართველოში მოქმედებს. შეიძლება პარტიამ მიიღოს ხმების 40 პროცენტი და მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე, შეხვდეს 70-მდე მანდატი ანუ იმაზე ორჯერ მეტი, რაც ერთმა პარტიამ აიღო. ამ პროცესს ასწორებს ის სისტემა, რომელსაც ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რამდენაად შეგროვდება ხმების საჭირო რაოდენობა ამ მოდელის მისაღებად, ხმალაძემ აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება ადვილი არ იქნება და ხმების შეგროვება დამოკიდებული იქნება ოპოზიციური ფრაქციების მობილიზაციის ხარისხსა და იმ დეპუტატებზე, ვინც არც ერთ ფრაქციაში არ არის.
პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძემ წარადგენს.