ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელს ბევრი კარგი მხარე და ბევრი კარგი ელემენტი აქვს, ჩვენს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. 
„ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძემ წარადგენს.