უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს ვარშავის სამიტისა და ხურჩის ინციდენტის შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განუცხადა, ვარშავის სამიტის წინ მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება.
„მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება ვარშავის სამიტის წინ და ასევე, იმ მოვლენების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონში. სწორედ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ყველა წევრს ექნებათ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ პოზიციები და მოხდეს მათი შეჯერება, რათა საქართველო ერთიანი პოზიციით წარდგეს სამიტზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც დღეს, 15:00 საათზე გაიმართება, დაესწრება როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საბჭოს ის წევრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.