საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები მორიგ აქციას გამართავენ

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები მორიგ აქციას გამართავენ

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები დღეს მცხეთაში მორიგ აქციას გამართავენ, სადაც აეროპორტის მშენებლობას გააპროტესტებენ. 
როგორც „ინტერპესნიუსს“ საყდრისის დაცვის კომიტეტიდან აცნობეს, კომიტეტის წევრები საზოგადოებას ”იუნესკოს” მიერ დაცულ ზონაში ”უკანონოდ დაგეგმილ პროექტზე მიაწვდიან ინფორმაციას”. 
კომიტეტის წევრთა ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა სვეტიცხოვლის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს. 
„ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია აეროპორტის მშენებლობას ახორციელებს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მთავრობის გადაწყვეტილებით 2016 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი ვრცელდება და დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობის წარმოება“, - აცხადებენ კომიტეტის წევრები.
საყდრისის დაცვის კომიტეტი მოუწოდებს მედიას, დაინტერესდეს მცხეთაში მიმდინარე პროექტით, რომლის განხორციელებაც, მათივე შეფასებით, გამოიწვევს ”იუნესკოს” მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლების საბოლოოდ ამოღებას დაცვის ძირითადი ნუსხიდან. 
”კომიტეტი მზად არის, აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მტკიცებულებები და ინფორმაცია მიაწოდოს”, - განმარტავენ კომიტეტის წევრები.