სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ, მაგრამ თუ ბურჭულაძე ივანიშვილთან კონკურენციაში შევა, ის დამარცხდება.
მისი თქმით, მოქმედება, რომ პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" ვერბალურად უპირისპირდება, გათვლილია იმ ადამიანთა ხმების მოპოვებაზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" იმედგაცრუებული დატოვა.
"ბურჭულაძესა და ივანიშვილს შორის მსგავსება ბევრია. არც ერთი მათგანი არ იყო პოლიტიკოსი, ასევე როგორც ივანიშვილი მოვიდა ბიზნესიდან, ბურჭულაძეც ბიზნესიდან მოდის. ასევე ქველმოქმედებაც - ერთის და მეორესიც, თუმცა მასშტაბები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. რესურსიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ივანიშვილის ქველმოქმედება რამდენიმეჯერ აღემატება და თუ ამ ველში ბურჭულაძე შემოვა შეჯიბრის, კონკურენციის გასაწევად, წინასწარ დამარცხდება. როგორც ჩანს, მათ საერთო სივრცეში მოუწევთ კონკურენცია და არ არის შემთხვევითი, რომ ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" ვერბალურად უპირისპირდება. აქ არის გათვლა ის, რომ ბურჭულაძე დაეუფლოს იმ ხმებს, რომელებიც იმედგაცრუებულები არიან "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, მაგრამ არ უერთდებიან "ნაციონალურ მოძრაობას",- აღნიშნა გორგილაძემ "პირWელთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისათვის" ყრილობა გაიმართა, რომლის ლიდერიც პაატა ბურჭულაძეა. ბურჭულაძემ საკუთარ განცხადებებში მწვავედ გააკრიტიკა არსებული ხელისუფლება. მანვე წინა მთავრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს შეუქია. ბურჭულაძემ ასევე განაცხადა, რომ ის ცხრა წლის განმავლობაში, ჩუმად, სახელმწიფოს საკეთებელ საქმეს აკეთებდა და ხალხის გვერდზე იდგა.