საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს. ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ”, - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
ჟურნალისტ ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. მისი ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.